logo
ENG



Bloomberg: 2017-20 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროები, სებ-ი და ცესკო დაჰაკა

21 ოქტ 202417:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/shyvo92ua3bclbi.jpg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულ FSB-სთან დაკავშირებული ჯაშუშები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს ჰაკერული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, საუბარია 2017-დან 2020 წლამდე პერიოდზე, როდესაც რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნული ბანკისა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერების სისტემებში შეაღწიეს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსულ დაზვერვას 2017-2020 წლებში ასევე ჰქონდა წვდომა საქართველოს ენერგეტიკულ კომპანიებზე, ნავთობტერმინალებზე, მედია-პლატფორმებსა და სამთავრობო უწყებებზე.

Bloomberg-ის სტატიაში ნათქვამია, რომ შეტევა განხორციელდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგაც და ამ შეტევის ფარგლებში, რუსულმა GRU-მ მოიპოვა წვდომა რამდენიმე ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე. ასევე, აღნიშნულია, რომ ამავე დაჯგუფების მიერ დაიჰაკა მათ შორის ტელეკომპანია იმედი და მაესტრო, ასევე, მოიპოვეს წვდომა საქართველოს რკინიგზის კომპანიის IT სისტემებზე.

Bloomberg წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ თავდასხმების შესახებ დასავლელმა კოლეგებმა აცნობეს, თუმცა ევროპელი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, მიიღო თუ არა რაიმე ზომა საქართველოს ხელისუფლებამ.

Bloomberg-ის თანახმად, FSB-სთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა მრავალთვიანი ფარული ოპერაცია ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ჯგუფმა შეაღწია სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტებში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან. 

გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე კითხვით მიმართა FSB-სა და GRU-ს, თუმცა პასუხი არ დაუბრუნეს.

Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროზე თვალთვალის ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - Turla და რომელზეც მანამდე ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ის არის კავშირში FSB-ის განყოფილებასთან, სახელწოდებით ცენტრი 16. ის მუშაობს რუსეთის ქალაქ რიაზანში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 130 მილის დაშორებით მდებარეობს. 

გამოცემის თანახმად, Turla 2004 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ათეულობით ქვეყანაში ჩაატარა ჰაკერული თავდასხმები.

ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე ჰაკერებმა მოიპარეს შვიდი ქართველი ოფიციალური პირის მონაცემები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და ელჩების შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში რუსმა ჯაშუშებმა მოიპოვეს წვდომა ელექტრომიმწოდებელ კომპანია თელასზე - ისინი კითხულობდნენ თანამშრომელთა ელექტრონულ ფოსტას და უყურებდნენ ოფისში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს, რეალურ დროში. დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო ელექტროსისტემაზე განხორციელებული შეტევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, შეძლებდნენ თუ არა რუსი ჰაკერები საქართველოს რეგიონებში მაღალი ძაბვის ქვესადგურების დისტანციურად გამორთვას.

Bloomberg ესაუბრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, სადაც კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თქვეს, რომ 2021 წლის 5 აპრილს მათი სისტემების წინააღმდეგ განხორციელდა DDoS ჰაკერული თავდასხმა, თუმცა "ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია სისტემებზე".


close დახურვა