logo
ENG



CMC-ს თქმით, მაღაროელი საწარმოო ტრამვით არ გარდაცვლილა

27 მარ 202619:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/tkliq7td8khlrns.png

მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ, "რადიო თავისუფლება" ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის (CMC) ჭიათურის საწარმოების მმართველი კომპანიის წერილობით პასუხს ავრცელებს.

წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ შემთხვევა 25 მარტს შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოხდა და მაღაროელი არ გარდაცვლილა საწარმოო ტრამვით. 

"თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია.

მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას.

კომპანია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - ვკითხულობთ წერილობით პასუხში.

მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირაველად გაავრცელა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

ფორმულასთან ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ 25 მარტს, გვიან ღამით, შუქრუთის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა.

ტარიელ მიქაცაძის თქმით,  მაღაროელის გარდაცვალება, სავარაუდოდ, უკავშირდება მაღაროში სამუშაო პირობებს.

"როგორც ისმის და ამბობენ, არის გულით გარდაცვლილი. რომ დაამთავრა სამუშაოები მიწის ქვეშ, მაღაროში, გამოდიოდა, დაახლოებით რამოდენიმე ასეული მეტრი გამოიარა ფეხით, გამოვიდა ისეთ ადგილზე, სადაც მიწისქვეშა მატარებლით უნდა გამოსულიყო გარეთ და ამ დროს, გულმა დაარტყაო. [...] მე ვფიქრობ, რომ უკავშირდება [გარდაცვალება სამუშაო პირობებს], რადგან იქ ჰაერის ცვალებადობა იყო, სადაც მუშაობდა, ჩემი აზრით, არ ჰქონდა განიავება და არ იყო სუფთა ჰაერი და ტემპერატურა. სადაც არ არის ჰაერი, იქ ძალიან მაღალი ტემპერატურაა, სადაც გამოვიდა, იქ ძალიან სწრაფად მოძრაობს ჰაერი და ვფიქრობ, ჰაერის ცვლილებამ შეუქმნა გულზე პრობლემები", - თქვა მან ფორმულასთან.


close დახურვა