logo
ENG



CNN-მა მოიპოვა ბუჩაში 12-13 მარტს გადაღებული კადრები, ჩანს ცხედრები და რუსი სამხედროები

27 აპრ 202202:53
3 წუთის საკითხავი
 
CNN-მა მოიპოვა ბუჩაში 12-13 მარტს გადაღებული კადრები, ჩანს ცხედრები და რუსი სამხედროები

​CNN-მა მოიპოვა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში, ქუჩაში დაყრილ ცხედრებს შორის რუსულ სამხედრო მანქანებს და ჯარებს ასახავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ქვეყანა თავის დანაშაულს უარყოფს. 

ვიდეოები დრონით 12 და 13 მარტს არის გადაღებული. მათი გეოლოკაცია და ავთენტურობა დადასტურებულია. 

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 13 მარტით თარიღდება, ჩანს სამხედრო მანქანა, რომელიც გზაჯვარედინზეა გაჩერებული. CNN-მა ვიდეოში სამი ობიექტის იდენტიფიცირება მოახერხა - სამხედრო მანქანის სიახლოვეს იგივე ცხედრებია, რაც სატელიტით 18 მარტს გადაღებულ და 1-ლ აპრილს გავრცელებულ მასალაში ჩანს. 

13 მარტისვე ვიდეოში ნაჩვენებია კიდევ ერთი სამხედრო მანქანა, რომელიც ცხედრების მიმართულებით მოძრაობს. 

12 მარტის ვიდეოში ასახულია რუსი სამხედროები, რომლებმაც ტრანსპორტი ერთ-ერთ სახლთან გააჩერეს. იქვე არსებულ ქუჩაში ასევე ცხედრებია. უცნობია, რას აკეთებდნენ სახლში აგრესორები. 

CNN-მა კომენტარისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. 

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დმიტრი პესკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებენ, რომ დრონების და სატელიტების მიერ აღბეჭდილი კადრები ყალბია. 

CNN-ის მიერ მოპოვებული ვიდეო ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებაა. ამასთან, პირველია, რომელიც 12-13 მარტით თარიღდება. 

ქალაქი რუსებისგან 1-ლ აპრილს გაათავისუფლეს. სწორედ მაშინ ნახეს უკრაინელებმა ქუჩებში ათობით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. 


close დახურვა