logo
ENG



CNN: არსებობს ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გარკვეული ღიაობა აჩვენა დახმარება გაუწიოს რუსეთს

15 მარ 202200:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/3c0jddbzga4eudk.jpeg

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გარკვეული ღიაობა აჩვენა რუსეთს აკრძალული სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციას CNN-ი დასავლელ მაღალჩინოსანზე და ამერიკელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომში 7-საათიანი შეხვედრის დროს ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ ჩინელი კოლეგა იმ "მოსალოდნელი შედეგების" შესახებ გააფრთხილა, რომელიც მათი მხრიდან რუსეთის დახმარებას მოჰყვება.

CNN-ის წყაროს თქმით, რომელიც დაზვერვასთან არის კავშირში, ჯერჯერობით უცნობია, გაუწევს თუ არა ჩინეთი რუსეთს დახმარებას. წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, დახმარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

გავრცელებული ცნობით, ჩინეთში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ.

"ზოგიერთი მართლაც შეშფოთებულია იმით, რომ დახმარების გაწევით [მათი მონაწილეობით] ჩინეთს, შესაძლოა, დასავლეთთან ეკონომიკური კავშირები გაუფუჭდეს", - თქვა წყარომ.

CNN-ი წერს, რომ ოფიციალური პირები ასევე აკვირდებიან ჩინეთს სხვა ტიპის დახმარების ნაწილშიც, მაგალითად რაც შესაძლოა გაეროში ხმის მიცემის დროს თავშეკავებაში გამოიხატოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკა "ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, იმასთან დაკავშირებით, ეხმარებიან თუ არა ისინი რუსეთს მატერიალურად, ეკონომიკურად ან რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერით".

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ეს ინფორმაცია ორივე ქვეყანამ უარყო. 

გუშინ, 13 მარტს, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი გააფრთხილა, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში.

 

 


close დახურვა