უკრაინელებმა კიევის დასავლეთით, 30 მილში მდებარე სოფელ მაკარივზე კონტროლი აღადგინეს. CNN წერს, რომ თუ ისინი ამ კონტროლს შეინარჩუნებენ, რუსეთის ძალებისთვის უფრო გართულდება დასავლეთის მისადგომების დაცვა და სამხრეთისკენ სწრაფვა.
ასევე, არის ნიშნები, რომ რუსულმა ძალებმა განიცადეს უკუსვლა კიევის ჩრდილოეთით იმ ნაწილებში, რომლებსაც ისინი ფაქტობრივად შეჭრის დასაწყისიდანვე იკავებდნენ.
CNN-ის დრონმა შაბათ-კვირას, ქალაქ მოსჩუნში, რომელიც კიევიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 მილის (35 კმ) მანძილზე მდებარეობს, აღბეჭდა რუსი ჯარისკაცები და განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა.
გარდა ამისა, მდინარე ირპინის ადიდებამ შესაძლოა ლოგისტიკური სირთულეები შეუქმნას რუსეთის ჯარებს, ამასთან გამოიწვიოს სარკინიგზო ხიდის დანგრევა ირპინის ჩრდილოეთით.
თუ უკრაინელები განამტკიცებენ და გააძლიერებენ თავიანთ მიღწევებს, კიევის ჩრდილოეთ ნაწილში - ბუჩასა და გოსტომელში, რუსეთის ყველაზე მოწინავე პოზიციებში კიევთან, შესაძლოა, ეს რუსული დანაყოფები ალყაშიც მოექცნენ.
რუსეთის მიერ გოსტომელში, ანტონოვის საჰარეო ბაზის დაკავება, რომელიც რუსებმა უკრაინაში შეჭრისთანავე მოახდინეს, ხანმოკლე აღმოჩნდა. ამ მიზეზით მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ამ ბაზის საჰაერო ხიდად გამოყენება. ბოლო სატელიტური ფოტოების მიხედვით, ანტონოვის საჰაერო ბაზასთან რუსებს საარტილერიო პოზიციები აქვთ დაკავებული.
მაკარივიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით არის ქალაქი ბოროდიანკა, რომელიც უკრაინაში შეჭრისთანავე რუსული და ჩეჩნური ძალების ხელში მოექცა. თუ უკრაინელები ბოროდიანკას აიღებენ, შესაძლოა, რუსული, წინ მყოფი დანაყოფები დანარჩენ არმიას გამოეთიშონ.
CNN მიუთითებს, რომ ბრძოლის ველი ცვალებადია და რუსებსაც შეუძლიათ თავიანთი დანაკარგის აღდგენა. მაგრამ თუ უკრაინელები შეძლებენ მაკარივის შენარჩუნებას და მის ირგვლივ კონტროლის აღებას, რუსეთის პოზიციები მაკარივსა და კიევს შორის დაუცველი გახდება, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს რუსეთის მიზანს, კიევის ალყაში მოსაქცევად სამხრეთით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიღმა გადაადგილდნენ.
უკრაინის არმიის წინსვლაზე წერს ჟურნალისტი ვიქტორ კოვალენკოც. მისი თქმით, არსებობს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობა, რომ არმიამ ალყა შემოარტყა რუსეთის ჯარების დიდ ფორმირებას დედაქალაქ კიევთან (ბუჩა-ირპინ-გოსტომელი) და ათასობით რუსი ხაფანგშია.