CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას, შესაძლოა, ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს.
გამოცემა ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის სარეზერვო ძალების სრულ მობილიზებას გამოიწვევს.
დასავლელი ოფიციალური პირები მანამდეც ვარაუდობდნენ, რომ პუტინი 9 მაისის, როგორც "გამარჯვების დღის" სიმბოლურ მნიშვნელობას გამოიყენებდა. აქედან გამომდინარე, ისინი ვარაუდობენ, რომ ამ დღეს პუტინი ამ სამხედრო მიღწევას ან საომარი მოქმედებების ესკალაციას გამოაცხადებს, შესაძლოა ორივეს.
"ვფიქრობ, ის შეეცდება გასცდეს თავის "სპეციალურ ოპერაციას", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
CNN წერს, რომ 9 მაისს, ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა გააძლიეროს რუსეთში საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინაში შეჭრაზე. ეს საშუალებას მისცემს პუტინს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რაც ოფიციალური პირების თქმით, ადამიანური რესურსების მზარდი დეფიციტის ფონზე, რუსეთს სჭირდება.