logo
ENG



CNN: რუსეთი უკვე ფლობს ირანულ საბრძოლო დრონებს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად

30 აგვ 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/7air2cxri86ofom.jpg

აშშ აცხადებს, რომ რუსეთი ახლა ფლობს ირანულ უპილოტო საბრძოლო დრონებს, რომლებსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებენ. 

CNN-ს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ რუსებმა დრონები ირანის აეროდრომიდან აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით გადაიტანეს. 

რუსებმა ირანში უპილოტო დრონების მართვის სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყეს. აშშ ახლა ვარაუდობს, რომ რუსეთმა ირანიდან ოფიციალურად შეიძინა Mohajer-6 და შაჰედის სერიის თვითმფრინავები - შაჰედ-129 და შაჰედ-191. 

ორივე მათგანი უპილოტო საფრენი აპარატებია. მათ შეუძლიათ საბრძოლო მასალის გადატანა, ასევე, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას თვალთვალისთვის. CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ რუსები ჯერაც სწავლობენ ამ დრონების მართვას ირანში, ამასთან, მათი აზრით, რუსეთი აპირებს ასობით მსგავსი დრონის ყიდვას, რათა უკრაინაში საჰაერო თავდასხმებისთვის გამოიყენოს. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, შეამციროს ამერიკული სარაკეტო სისტემების - HIMARS-ების გავლენა, რომლებიც უკრაინას აშშ-მ და სხვა მოკავშირეებმა მიაწოდეს. HIMARS-ს 49 მილის მანძილზე მოქმედება შეუძლია და უკრაინას საშუალებას აძლევს, შეტევა რუსეთზე ფრონტის ხაზს მიღმა არსებულ ობიექტებზეც განახორციელოს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცდების დროს რუსეთის მიერ შეძენილმა ირანულმა დრონებმა უკვე განიცადეს მრავალი წარუმატებლობა, ამიტომ უცნობია, რამდენად შეცვლის მათი გამოყენება ბრძოლის ველზე ვითარებას რუსეთის სასარგებლოდ. 


close დახურვა