logo
ENG



COVID 19-ის მე-5 მსხვერპლი ვირუსს ორი კვირა ებრძოდა

22 აპრ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსისის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფაზაში საქართველოს უკვე მეხუთე მსხვერპლი ჰყავს. გარდაცვლილია 68 წლის კაცი, რომელიც ე.წ-ი ბოლნისის კლასტერიდანაა

კოვიდ 19-ის მე-5 მსხვერპლი ვირუსს ორი კვირა ებრძოდა. 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ვირუსის გარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულის დაავადებებმა გაამწვავა. გარდაცვლილი კვლავ ე.წ. ბოლნისი-მარნეულის ინფიცირებულთა კლასტერიდან იყო და ამ კლასტერიდან უკვე მესამე დაღუპულია. 

კორონავურისით ინფიცირებულებს დღეს კიდევ 8 ახალი შემთხვევა დაემატა და 416-მდე გაიზარდა. ახალ პაციენტებს კავშირი აქვთ სვანეთსა და ბოლნისში ინფიცირებულთა კლასტერებთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ძველი პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 10-მდე დაავადებულის მდგომარეობა. 

სამი ახალი პაციენტი ყავს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსაც, თუმცა სამივემ კორონა ვირუსი სავარაუდოდ კლინიკაში გადაყვანამდე გადაიტანა. ისინი თერჯოლაში, სოფელ ღვანკითში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამ საეჭვო პაციენტებს, ორ ახალგაზრდა კაცს და შუა ხნის ქალს, ახლა დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ.

416 ინფიცირებულიდან, გამოჯანმრთელებულია 107 ადამიანი. მათ შორის, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში გამოჯანმრთელდა 2 წლის ბავშვი. დღესდღეობით, ინფიცირებულთა საშუალო ასაკი საქართველოში 43 წელია. ყველაზე ხანდაზმული ავადმყოფი კი 87 წლის არის. ამ დროისთვის საერთო ჯამში, კოვიდ 19-ზე ტესტი ჩატარებული აქვს, 8375 ადამიანს.


close დახურვა