logo
ENG



CPJ-ის საგანგებო საქმეთა დირექტორი გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

09 ივნ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს.

როგორც ცნობილია, CPJ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათგან დასტური არ მიუღია. ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხესთან მთავარი არხის დირექტორის მეუღლესთან და მის ადვოკატთან ერთად იმყოფება.

CPJ-ის წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციამ სხვა საერთაშორისო მედიაორგანიზაციებთან ერთად ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდებით  საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა.

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ციხეში ნიკასთან ვიზიტი ვერ შევძელით. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ ვართ ნიკას მეუღლესთან და მის ერთ-ერთ ადვოკატთან ერთად. ჩვენ ძალიან ვწუხვართ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა რამდენიმე საერთაშორისო მედიაორგანიზაციასთან ერთად გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოწოდებით, გათავისუფლდეს ნიკა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას ახლაც ვიმეორებთ. ვიცით, რომ ის პატიმარია, კრიტიკული ჟურნალისტიკის გამო" - განაცხადა ლუსი ვესკოტმა.  

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მედიის თავისუფლებას ავრცელებს. ისინი იცავენ ჟურნალისტების უფლებას, ამბები უსაფრთხოდ, შურისძიების შიშის გარეშე გააშუქონ.

CPJ-ს ჰყავს 40-მდე ექსპერტი მსოფლიოს გარშემო. მისი სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. მედიის თავისუფლების დარღვევისას CPJ ამობილიზებს კორესპონდენტების ქსელს, ვინც მომხდარს აშუქებენ და ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

ორგანიზაცია რეპრესიულ ქვეყნებში, კონფლიქტის ზონებსა თუ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დარღვევებს აშუქებს.

20 აპრილს 10-მა ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის CPJ-მ, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მოუწოდა, შეიწყალოს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია.

ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან სალომე ზურაბიშვილის პოზიციას უცხოელი აგენტების კანონპროექტების შესახებ, მისი დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით და მოუწოდებენ, დაიკავოს ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია პრესის თავისუფლების დასაცავად და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ნიკა გვარამია გაათავისუფლოს პატიმრობიდან.


close დახურვა