logo
ENG



DRI: პანდემიის ფონზე გალის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებასაც კი ვერ ახერხებს

11 მაი 202013:10
3 წუთის საკითხავი
 
zh0vg60128l1wsw.png
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, იზოლაციაში მოქცეული გალის რაიონის მოსახლეობა, პანდემიის პირობებში მოკლებულია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და სასიცოცხლო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოეწურა.
„ამ კრიზისს ამძიმებს ისიც, რომ საკარანტინო ზომების გამკაცრების შედეგად, ჩაკეტილია გამშვები პუნქტები და შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც, შეუძლებელი ხდება საქართველოს კონტროლირებადი ტერტორიიდან მედიკამენტების გაგზავნა. საკონტაქტო პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბერიოს საავადმყოფოს პაციენტების დიაგნოსტირებისა და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურა, როგორიც არის: ულტრაბგერის და რენტგენის აპარატი, დოზიმეტრი. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანის გაუმართაობის გამო, გამოძახებისას მედ პერსონალი ვერ ახერხებს ადგილზე დროულად მისვლას, რაც რიგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. 
"მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის მხრიდან კორონავირუსული ინფექციის პრევენციის პირველ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, რუხში მდებარე საავადმყოფოს. დაჩქარებული წესით გახსნა და აფხაზეთის პაციენტების მიღების მზადყოფნა. თუმცა სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ შემდეგ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში, არ გაითვალისწინეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათ დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მოხერხდეს პანდემიის პირობებში გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე სამედიცინო დაწესებულების მედიკამენტებით და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

close დახურვა