logo
ENG



DRI: რუსული პროპაგანდისტული გვერდები გააქტიურდნენ

22 თებ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

 

რუსული პროპაგანდისტული გვერდები გააქტიურდნენ - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში. ორგანიზაცია ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში იმ გვერდების აქტივობას აკვირდება, რომლებსაც ანტიდასავლური და პრორუსული კონტენტი აქვთ. დაკვირვება მიმდინარე წლის იანვარში ხორციელდებოდა და როგორც DRI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მონიტორინგის პროცესში სამი ძირითადი ფაქტორი გამოვლინდა, ეს არის: ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, პრორუსული ნარატივის გავრცელება და ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დათესვა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის შედეგად Facebook-ში 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული 655 სტატუსი და 9 ვებგვერდზე გავრცელებული 207 სტატია შეისწავლა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდეს და განსაკუთრებით გაძლიერდეს წინასაარჩევნო პერიოდში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.

„ამ მიმართულებით გამოიკვვეთა სამი ძირითადი მახასიათებელი - პირველი ეს არის მკვეთრად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება, რაც ცალსახად ემსახურება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ქვეყანაში, მეორე ეს იყო პრორუსული ნარატივის გავრცელება და ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დათესვა სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელების გზით. ულტრამემარჯვენეე ჯგუფების მიერ გავრცელებული გზავნილები და ზოგადი რიტორიკა ემსახურება პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას“, - განაცხადა ქეთი მურღულიამ.

თემასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ოპოზიციაშიც. „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ საკითხი უფორ გამწვავდება და ყალბი ინფორმაციები გავრცელება პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მიმართაც.

ასევე ნაცვლიშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას მოახდენს იმისთვის, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ებრძოლოს.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული ოცნება ამხილეს ტროლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებს. ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ გარედან წამოსულ დეზინფორმაციას ეფექტიანად ებრძვის რომელიმე სახელმწიფო უწყება “, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგი მომავლაშიც გაგრძელდება, რაც შეეხება სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდებს, ეს არის 20-მდე ახალი გვერდი, რომელიც გააქტიურდა და ცნობილია  ფეისბუკის ადმინისტრაციის პოზიციაც, ისინი აკეთებენ ფილტრს იმისთვის, რომ დროულად გაუქმდეს ის გვერდები, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ.  

 

 


close დახურვა