logo
ENG



DRI: ახალგორში მძიმე პაციენტებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებიან

30 აპრ 202013:15
3 წუთის საკითხავი
 
u6i4hjstbnimtt7.jpg

ახალგორის მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისევ იზღუდება, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ახალგორელებს აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ გეგმიური მომსახურებაც ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა გეგმიური სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ.

„პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ახალგორის მოსახლეობისადმი დისკრიმინაციულ მიდგომას დე ფაქტო ხელისუფლება კოვიდ-19-ის გავრცელებით ხსნიდა, თუმცა ახლა ცხინვალის რეგიონში ვითარება შეიცვალა. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების შემსუბუქების  გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობა განაახლეს სავაჭრო ობიექტებმა, სილამაზის ცენტრებმა და სამკერვალო სალონებმა.[1] ასევე, დე ფაქტო მეთაურის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ოსეთს[2] ცხინვალისგან გადაეცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის სამი აპარატი[3].

ცხინვალში შერბილებული პოლიტიკის ფონზე, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა ახალგორში, სადაც გამძაფრებულია დისკრიმინაციის ფაქტები. ადგილობრივი საავადმყოფოს ადმინისტრაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და მძიმე დიაგნოზის პაციენტებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს უცხადებს. ამას ემატება ისიც, რომ მძიმე პაციენტებს არც თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობას აძლევენ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათთვის ყველაზე მძიმე პრობლემას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უქონლობა წარმოადგენს. შედარებით გამარტივებული გადაადგილების პირობებში, როდესაც გორში ან თბილისში ჩამოსვლა შეეძლოთ, პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა“, - ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.


close დახურვა