logo
ENG



DRI: ხელისუფლება საქართველოში ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორია

03 ივლ 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/7q21vr0le71nz9n.jpg

"ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში" - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული შედეგების პრეზენტაცია გამართა.  

დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად ქართული ოცნების, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან.

"თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა ქართულმა ოცნებამ", - წერს ორგანიზაცია. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის სრული შებრუნება ულტრაკონსერვატიული მიმართულებით განსაკუთრებით ხილვადი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახდა, რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა ოცნების და ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ფლანგის ანტიგენდერული და ჰომოფობიური დისკურსის იდენტური კონტურები.

"ამ ჯგუფების პოლიტიკური ლექსიკა და რიტორიკა იმდენად მსგავსი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ანტიგენდერული და ჰომოფობიური კამპანიების პირველწყაროს განსაზღვრა. 

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე", - აცხადებენ DRI-ში.  


close დახურვა