logo
ENG



DRI სუს-ზე: სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგი მცდელობაა

02 ოქტ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 
DRI სუს-ზე: სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგი მცდელობაა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, დღევანდელი განცხადებით მმართველი პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.

"მსგავსი განცხადებებით, შესაბამისის უწყებები ცდილობენ შექმნან საფუძველი მომავალში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროტესტო შეკრება-მანიფესტაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის შესახებ განცხადებების წინმსწრებად გავრცელებით, მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შემზადებას აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის.

ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს თავისუფალი გამოხატვის სივრცე, კარგად ჩანს მმართველი პარტიის მორიგ ინიციატივაში, კიდევ უფრო დაამძიმოს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. კანონის პროექტის მიხედვით, დემონსტრანტებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს: აღრმავებს პოლარიზაციას, უკიდურესად ზღუდავს და მინიმუმამდე დაჰყავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რესურსი და აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას"- ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.


close დახურვა