ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბოლო დღეებში თბილისსა და რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მიმდინარე აქციების საწინააღმდეგოდ ორგანიზებულ კონტრდემონსტრაციებს და მასთან დაკავშირებულ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმიანება. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მიიღოს ეფექტიანი ზომები ძალადობის პრევენციისა და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრ-აქციების დროს პერიოდულად შეინიშნებოდა ვითარების დაძაბვა და კონტრდემონსტრანტების მხრიდან აგრესიული და ძალადობრივი ქცევა. აღსანიშნავია, რომ როგორც ზოგიერთ შემთხვევაში გამოჩნდა, ძალადობრივ კონტრდემონსტრაციებში აქტიურ როლს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ასრულებენ.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დღეებში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რა დროსაც აგრეთვე შეინიშნებოდა კონტრდემონსტრანტების შეკრება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებისკენ მიმართულ პროტესტს ამ პროცესებში, პერიოდულად შეინიშნებოდა ვითარების დაძაბვა და კონტრდემონსტრანტების მხრიდან აგრესიული და ძალადობრივი ქცევა. აღსანიშნავია, რომ როგორც ზოგიერთ შემთხვევაში გამოჩნდა, ძალადობრივ კონტრდემონსტრაციებში აქტიურ როლს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ასრულებენ.
მიმდინარე წლის 2 და 3 დეკემბერს ზუგდიდში, თბილისსა და მცხეთაში მომხდარი ინციდენტების დროს, როდესაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, შეკრებების სათანადო მართვისთვის და უსაფრთხოების დაცვისთვის პოლიციის მიერ გამოყენებული სტრატეგიები და მიდგომები არ იყო ეფექტიანი. კერძოდ, სამართალდამცავები უშვებდნენ კონტრემონსტრანტებს შორის უშუალო ფიზიკური შეხების შესაძლებლობას, რაც ზრდიდა ძალადობის და დაპირისპირებების ესკალაციის რისკებს. ამავდროულად, პოლიცია აგრესიულად განწყობილი კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ძალადობრივი მოქმედებებისა და განზრახვების გამო, შეკრების თავისუფლებით სფეროდან გავიდნენ, არ იყენებდა ქმედით აღმკვეთ ზომებს.
კიდევ უფრო პრობლემური ამ ვითარებაში სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობის და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაა. შინაგან საქმეთა მინისტრი 3 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ დემონსტრანტები თავად უწევდნენ პროვოცირებას მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებს. მინისტრი აგრეთვე გამოეხმაურა ნოემბრის თვეში პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და სრულიად ცინიკური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მინისტრის მსგავსი რიტორიკა ცალსახად არ ემსახურება შექმნილი კონფლიქტური ვითარების დეესკალაციას და პოლიციის პოლიტიზირების მაღალ რისკებს აჩენს.
რადიკალურად პოლარიზებულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები არ მოქმედებდნენ პოლიტიკური მიზანშეწონილობით და პოლიციის ქცევა არ ტოვებდეს პოლიტიზირების განცდას. პროცესის გამწვავების პრევენციისთვის, აუცილებელია ინცინდენტების ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალების დროული და ქმედითი რეაგირება. აგრეთვე, კონკრეტული ძალადობრივი ქცევები, რაც აღწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ინტენსივობას, არ უნდა იქნეს დატოვებული პასუხის გარეშე და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ თითოეული ასეთი ფაქტის დროული და ქმედითი გამოძიება. ასეთ შემთხვევებზე პოლიციის არაეფექტურმა რეაგირებამ შეიძლება გააჩინოს დაუსჯელობის სინდრომი კონკრეტულ ჯგუფებში და ძალადობის შეწყნარების განცდა გააჩინოს საზოგადოებაში. მთლიანობაში, პოლიტიკური მიზნებით პოლიციის გამოყენების ტენდენცია, რაც მათ შორის მწვავედ გამოჩნდა, 20 ივნისის, 18 და 26 ნოემბრის შეკრებების დაშლისა და გაწმენდის ღონისძიებებში, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობას ასუსტებს და ამ დრომდე სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმების სოციალურ მნიშვნელობას აკნინებს.
ბოლო დღეების პროტესტი და თანმდევი მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს სოციალური და პოლიტიკური კრიზისების პოლიტიკური ფორმატით მოგვარების სტრატეგია და სამოქალაქო პროტესტზე რეაგირების მშვიდობიანი მეთოდი. მეტიც, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქციების საპასუხოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ორგანიზებული ძალადორბივი კონტრაქციები და მათ შეწყნარებაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებები მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ამ ორგანიზებული ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებზე მიუთითებს.
პოლიტიკური პოლარიზების სოციალურ გარემოში გავრცელება და სხვადასხვა ჯგუფების ჩართვა ამ პროცესში სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას არღვევს, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის ნორმალიზება და ამ პროცესში სამოქალაქო ჯგუფების ჩართვა პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მიუღებელი ფორმაა და ის არსებითად მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიული პოლიტიკის პრინციპებთან.
არსებული ვითარების გათვალისწინებით EMC მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან და უსაფრთხო ფორმატში წარმართვა და დროულად და ეფექტიანად აღკვეთოს კონტრაქციების დროს გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტები;
კონტრაქციების მართვის დროს გამოიყენოს პრევენციაზე ორიენტირებული სათანადო სტრატეგიები და ტაქტიკები, რაც პირველ რიგში კონტრაქციების მონაწილეების ფიზიკურ დაშორიშორებაზე და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული;
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ. სხვა შემთხვევაში, გამოვლენილი ძალადობის დაშვება დაუსჯელობის გარემოს შექმნის და მის ნორმალიზებას მოახდენს;
პარტია ქართულ ოცნებას და საქართველს პარლამენტს:
გამოძებნოს პოლიტიკური რესურსი ქვეყანაში შექმნილი პროცესის ნორმალიზების და საკითხების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში განხილვისთვის;
გაიაზროს დემოკრატიული განვითარებისთვის მშვიდობისა და სოციალური თანხმობის მნიშვნელობა და უარი თქვას პოლარიზების გაღრმავებაზე;“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.
ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციებს ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრ-აქციები ხვდება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.