logo
ENG



EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე: გამოძიების ვერსიასა და მტკიცებულებებს შორის შეუსაბამობებია

22 თებ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 
hlisljwht9lx9iq.jpg

„გამოვაქვეყნებთ ფინალურ შეფასებას იმ შეუსაბამობებზე, რაც გამოძიების საბოლოო ვერსიასა და მტკიცებულებებს შორის არსებობს", - წერს EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

როგორც EMC-ის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, მათ ორგანიზაციას რამდენიმე კვირის წინ მისცეს საქმის მასალებში გარკვევის უფლება და შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

„EMC ეს კვირებია აქტიურად სწავლობს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმისა და ასევე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებს (ამ მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჩვენ მხოლოდ წინა კვირაში მოგვეცა). უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ფინალურ შეფასებას თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის პრობლემურობაზე და იმ აშკარა და ფუნდამენტურ შეუსაბამობებზე, რაც გამოძიების საბოლოო ვერსიასა და მტკიცებულებებს შორის არსებობს. დიახ, საქმის მასალები, სუს-ის მაღალი თანანმდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ავლენს, სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამო.ამასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების დაზუსტების შემდეგ, როგორც კი პროკურატურიდან მივიღებთ ინფორმაციას, ჩვენ საზოგადოებას გავუზიარებთ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების და სუს-ის მიერ მედიაში შექმნილი პრობლემური ვერსიის კრიტიკას", - ვკითხულობთ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მისი ოჯახი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ 18 წლის ახალგაზრდა შეცდომით მოკლეს. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

 


close დახურვა