საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა 7-პუნქტიანი წინადადება წარადგინა, რომლის შესრულებაც, მათი თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის 7-პუნქტიანი პაკეტი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით მიღება;
- შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში;
- მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
- ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება
საპარლამენტო ოპიზიციამ მათი წინადადება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე წარუდგუნა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს ის პრობლემური საკითხები გადასცეს რის გამოც საქართველომ შესაძლოა EU-ის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის 15 ფორმულამ მოიპოვა:
1. 5 ივლისი - ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა;
2. 14, 29 დეკემბერს მოსამართლეების დანიშვნა, - ეუთო-ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა;
3. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლა;
4. 27 აგვისტო - ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების სამართლებრივი კრიტერიუმის შეუსრულებლობა, - 75 მილიონი ევროს მიღებაზე ქართული ოცნების უარი;
5. 7 სექტემბერი - საკონსტიტუციო ცვლილებები, გენერალური პროკურორის არჩევის წესისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;
6. 13 სექტემბერი - უკანონო მოსმენა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის;
7. საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შეფასება;
8. ორი ახალი მოსამართლის დანიშვნა იუსტიციის საბჭოში;
9. განსაკუთრებული ინტერესის პატიმრის, სააკაშვილის უფლებების დაცვაზე წუხილები, გლდანში გადაყვანის ეპიზოდი;
10. 30 დეკემბერი - სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება;
11. 30 დეკემბერი - საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები;
12. 18 იანვარი - ევროპარლამენტთან თანამშრომლობის "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის ჩაშლა, - შალვა პაპუაშვილის უარი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ჩაშლილი ვიზიტი;
13. 5 თებერვალი - ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეწყვეტა;
14. 15 თებერვალი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კანდიდატების დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესი;
15. 16 მაისი - ნიკა გვარამიასა და სხვა თანამშრომლებისთვის გამოტანილი სასჯელი.