logo
ENG



EU-ის პრესსპიკერი: ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების წინააღმდეგ

10 დეკ 202414:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/13a5rxz438wgbvp.jpg

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

ამასთან, პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება ოცნების ქმედებებმა გამოიწვია.

"თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ.

დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია.

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამების, რომლის შესახებაც ცნობები არსებობს და მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს. ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

ყველა განცხადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე.

ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს", - ვკითხულობთ ანიტა ჰიპერის განცხადებაში.


close დახურვა