logo
ENG



EU: მხარს ვუჭერთ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, არ გავჩერდებით, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს

24 თებ 202300:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/otpbonp97lzxv7u.jpg

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავზე ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რომ რუსეთის დანაშაულების პირისპირ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა "სიმტკიცე დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, გამძლეობა სირთულეების წინაშე და ღირსება რუსული დანაშაულების წინააღმდეგ".

"უკრაინელმა ხალხმა აჩვენა სამყაროს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გადასაწყვეტია. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მის მეზობელთან ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ. ეს არღვევს გაეროს ქარტიას, გაეროს პრინციპებს და კაცობრიობის ღირებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა დავრჩეთ პასიურები ამ დანაშაულების პირისპირ" - წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და აცხადებს, რომ უზრუნველყოფენ, რომ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი საკვებსა და ენერგორესურსებს იარაღსაც იყენებს, ასევე უპასუხისმგებლოდ იმუქრება ბირთვული იარაღით და ავრცელებს ომის შესახებ ცრუ ნარატივებს. ევროკავშირის თქმით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა რუსეთის ქმედებების მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენები შეამციროს და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ვისაც ეს სჭირდება.

"ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა იმოქმედეს მყისიერად და ერთობლივად და გააგრძელებენ მყარად დგომას და უკრაინისა და მისი ხალხისადმი სრულ სოლიდარობას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ყველა უკრაინელი იმსახურებს მშვიდად ცხოვრებას და საკუთარი ბედის თავისუფლად არჩევას. უკრაინა არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი. უკრაინელებმა გამოთქვეს სურვილი ევროკავშირში საკუთარი მომავლის შესახებ და ჩვენ ვაღიარეთ ეს უკრაინისთვის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებით. უკრაინელი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებებისა და განვითარების პატივისცემა" - აცხადებს ევროკავშირი.

27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი აცხადებს, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო კუთხით და ასევე მხარს დაუჭერენ ხელახალ აღმშენებლობაში, რისთვისაც ასევე გამოიყენებენ გაყინულ და ჩამორთმეულ რუსულ ქონებას.

ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებენ კოლექტიურ წნეხს რუსეთზე, რათა დაამთავროს აგრესიული ომი და ამის მისაღწევად მიიღებენ სანქციების მეათე პაკეტსაც. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტი ზელენსკის მშვიდობის ფორმულას. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული იქნება, რომ მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება, რომ უკრაინა ხელახლა აშენდება და სამართალი იზეიმებს. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს დღე არ დადგება." - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა