logo
ENG



EU ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილებს საზღვარზე შეუშვებს

19 მაი 202115:14
3 წუთის საკითხავი
 
EU ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილებს საზღვარზე შეუშვებს

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირი ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით სრულად აცრილ პირებს საზღვარზე შეუშვებს, გადაწყვეტილება დღეს, ოთხშაბათს გახდა ცნობილი. 

ამ დროისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს აღიარებული აქვს ფაიზერ-ბიონტექის, მოდერნას, ასტრაზენეკასა და ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინები. 

ვაქცინები, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა ავტორიზაცია გადაუდებელი გამოყენებისათვის, ასევე შეიძლება, დაუშვას ევროკავშირმა. ჩინური მწარმოებლების, სინოფარმისა და სინოვაკის დაშვებაზე გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

კოვიდრისკების მიხედვით, ქვეყნების ოფიციალურ რანგირებას ევროკავშირი პარასკევს გამოაქვეყნებს. 

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა აქვს შეძენელი. სინოფარმი ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც აცრა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო წითელი ჯვრიდან სინოფარმის 100 000 დოზას უსასყიდლოდ მიიღებს, 500 000 დოზას კი საგარეო საქმეთა სამინისტრო სინოფარმისგან შეიძენს. 

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის სულ 97 153 აცრაა ჩატარებული, მათგან 15 513 ორი დოზითაა აცრილი.

შესწორება: სტატიის თავდაპირველი ვერსია ეყრდნობოდა NYT-ს, სადაც ეწერა, რომ ევროკავშირი, მათ შორის, ჩინური სინოფარმით აცრილებსაც დაუშვებს საზღვარზე, რაც არაზუსტი იყო.

 


close დახურვა