logo
ENG



EU უზენაესის მოსამართლეების არჩევის კანონზე: მეტი სანდოობის მოპოვების გაშვებული შანსია

05 ოქტ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 
1iwmqzggda1ppqu.jpg

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი პრესმდივანი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ კანონს, უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე და ამას "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს, რათა ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო.

"30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადასინჯვას. ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შერჩევის პროცესის წესებს დამატებითად განიხილავს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის".

პარლამენტმა ბოლო პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი.

კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალებისა და სანდოობის თვალსაზრისით.

 


close დახურვა