FBI-ს ჩხრეკის ორდერის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს. ჩხრეკა ტრამპის ფლორიდის სახლში FBI-ს აგენტებმა რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს.
როგორც ცნობილია, დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, ზოგიერთი მონიშნული იყო, როგორც "TS/SCI", რაც აღნიშნავს მასალას, რომელსაც შეუძლია "განსაკუთრებით მძიმე" ზიანი მიაყენოს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.
დონალდ ტრამპი უარყოფს რაიმე სახის დარღვევას და ამბობს, რომ მასალები განსაიდუმლოებული იყო.
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ეს პირველი ჩხრეკა იყო. ამოღებული ნივთების სია გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ შვიდგვერდიანი დოკუმენტს ლუქი ახსნა, მათ შორის იყო პალმ-ბიჩში, მარ-ა-ლაგოს სახლის ჩხრეკის ორდერიც.
ორშაბათს აგენტებმა სახლიდან ამოიღეს 20-ზე მეტი ყუთი, რომელთა შორის იყო ფოტოები, ხელწერილები, "საფრანგეთის პრეზიდენტის" შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ტრამპის დიდი ხნის მოკავშირის, როჯერ სტოუნის შეწყალების დოკუმენტი.
ზესაიდუმლო ოთხი ფაილის გარდა, ამოღებულია საიდუმლო დოკუმენტებისა და კონფიდენციალური მასალების სამ-სამი ნაკრები.
ორდერში აღნიშნულია, რომ FBI-ს აგენტები იძიებდნენ ჯაშუშობის შესახებ აქტის შესაძლო დარღვევას, რომლითაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საშიში ინფორმაციის შენახვა ან გადაცემა უკანონოა. ამასთან, საიდუმლო დოკუმენტების განადგურება კანონითაა აკრძალული. პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ტრამპმა კანონი გაამკაცრა და დარღვევის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პარასკევს ტრამპის ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დროს დოკუმენტების განსაიდუმლოებისთვის თავის უფლებამოსილებას იყენებდა.
აშშ-ს მთავრობას ოფიციალური სისტემა აქვს ინფორმაციის დაცვისთვის, რომელთა გასაჯაროებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
აღნიშნული სისტემა შეიძლება შეეხოს დაზვერვის საქმიანობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, სამხედრო გეგმებს და ბირთვული მასალების შენახვას. ინფორმაციის გასაიდუმლოებით მთავრობა იმ პირთა წრეს და ადგილს ზღუდავს, სადაც შეიძლება, ეს მასალები იქნას დათვალიერებული.
კლასიფიკაციის სამი ძირითადი დონე არსებობს, იმის მიხედვით თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს უსაფრთხოებას:
Top Secret: ეს ყველაზე მაღალი დონეა. ინფორმაცია კვალიფიცირდება, როგორც "ზესაიდუმლო" თუ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის უაღრესად დიდ ზიანს მიაყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნული მასალები ცნობილია ასევე, როგორც SCI.
ტრამპის სახლში აღმოჩენილი დოკუმენტების ნაწილი სწორედ SCI კვალიფიკაციის იყო.
Secret: ინფორმაცია კლასიფიცირდება, როგორც "საიდუმლო" თუ მიიჩნევა, რომ მისი გამჟღავნების შემთხვევაში ეროვნულ უსაფრთხოებას "სერიოზული ზიანი" მიადგება.
Confidential: კონფიდენციალური ხდება ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების შემთხვევაში ეროვნულ უსაფრთხოებას "ზიანი" მიადგება.