Financial Times-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტი რუსეთის გარეთ მოქმედ კრიპტოკომპანიებსა და პლატფორმებსაც მოიცავს, რომლებსაც ევროკავშირი სანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში გამოცემას საქართველოც აქვს ნახსენები.
კერძოდ, გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში ბრალდებულები მათ შორის არიან: 4 ბანკი ყირგიზეთში, მონღოლეთსა და ინდოეთში, 11 კრიპტოპლატფორმა ბელარუსში, საქართველოში, ნიგერიაში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე ხუთი ნავთობით მოვაჭრე კომპანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ამასთან, გამოცემის თანახმად, სანქციები ასევე მოიცავს 31 რუსულ ბანკს და მესამე ქვეყნის ნავთობით მოვაჭრე კომპანიას.
Financial Times ასევე წერს, რომ გარდა ამისა, ევროკავშირი ცდილობს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდა.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის დაგეგმილი ზრდის იანვრამდე გადავადებას, რათა შეზღუდოს მოსკოვის შემოსავლების ზრდა, რომელიც ნედლი ნავთობის ფასების მატებამ გამოიწვია ირანთან ომის ფონზე. სანქციების 21-ე პაკეტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება 15 ივლისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის ზედა ზღვარი ავტომატურად გაიზრდება მისი ამჟამინდელი დონიდან — ბარელზე 44.10 დოლარიდან.
