Facebook-ის განცხადების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებას დაწყებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ანტიდასავლური პროსახელისუფლებო გვერდების არსებობით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.
„დღეს უკვე დადასტურებულად გვაქვს მოცემულობა, სადაც დგინდება, რომ ხელისუფლება აფინანსებდა იმ გვერდებს, რომელზეც ჩვენ, დიდი ხანია, გვქონდა ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ იმართებოდა. ეს გვერდები ქვეყანაში აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს და ხელს უწყობს პრორუსული განწყობების დამკვიდრებას. საიდან იხარჯებოდა ფული, სად არის ეს ფული, აისახა თუ არა პარტიის მხარდამჭერ შემოწირულობაში? ამ საკითხზე ხშრად სვამდნენ ხოლმე შეკითხვებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც, იმიტომ რომ ეს ფინანსები არის არადეკლარილებული ფინანსები, საბოლოო ჯამში, ამიტომ ეს კითხვები ალბათ დღის წესრიგში დადგება“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ ოპოზიციური პარტიებიც.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს საქმე აჩვენებს იმას, თუ როგორ ხარჯავდა ხელისუფლება ფულს საქართველოს შიგნით თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის.
„ეს კვლევა ფეისბუკთან ერთად ჩატარებული, არის, უბრალოდ, მტკიცებულება იმისა, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით, როგორ ხარჯავდა ფულს არა მხოლოდ შუღლის, დაპირისპირების და სიბინძურის და მისი ოპონენტების დისკრედიტაციის, არამედ საქართველოს შიგნით თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ამ საკითხზე უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და შეიძლება, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი პასუხი იმაზე, როგორ რანაირად რა დავალებებით მოქმედებდა ის ხალხი რომელიც ამ ბინძურ სამუშაოს ასრულებდნენ“, - ამბობს გიგი უგულავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას არ აქვს იმედი იმისა, რომ ხელისუფლება საქმეზე გამოძიებას დაიწყებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება ამ საკითხის მიჩქმალვას.
„ამ ხელისუფლების პირობებში მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ეს თემა იქნება გამოძიებული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირდაპირ მიუთითა მამუკა ხაზარაძემ, სად იყო ტროლების ფაბრიკა, როგორ დასრულდა ეს ამბავი. არავის არაფერი გამოუძიებია, არავის არაფერი გაუგია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს თემაც მიჩქმალოს, თუმცა ადრე თუ გვიან, მაინც იქნება გამოძიებული, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მართული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რომ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მესიჯბოქსები მოახვიონ მოსახლეობას თავზე. ისინი სიცრუის ტირაჟირების მეტს არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამ ყველაფერს საბოლოოდ ესმება წერტილი და პირველი ნაბიჯიც სწორედ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გადადგეს “, - განაცხადა ზაალ უდუდმაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის განცხადებაზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარიარგაუკეთებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. შესაბამისად, უცნობია დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრი ამ საქმის გამოძიებას.
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა. პლატფორმიდან ჩახსნილია 418 ქართული ექაუნთი, კერძოდ: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ-ანგარიში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.