logo
ENG



Facebook-მა 214 რუსული ანგარიში გააუქმა, მათ შორის, ქართულ შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო

25 სექ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

Facebook-მა არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო რუსეთთან დაკავშირებული 214 ფეისბუქმომხმარებელი, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და ინსტაგრამის 34 ანგარიში გააუქმა. ადმინისტრაციის განცხადებით, გაუქმებული ანგარიშები რუსეთის ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები და მათი ქმედების მთავარი სამიზნე სირია, უკრაინა, თურქეთი, იაპონია, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, ბრიტანეთი და აშშ იყვნენ. 

როგორც შიდა გამოძიებით დადგინდა, ყალბი ანგარიშების მეშვეობით, მომხმარებლები ფიქციურ პერსონებს ქმნიდნენ, თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ, სხვადასხვა ორგანიზაციას უკავშირდებოდნენ, თავს ადგილობრივებად წარმოაჩენდნენ და ა.შ. 

"სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ადმინისტრაციის ცნობით, ყალბი მომხმარებლები ხშირად ავრცელებდნენ საკუთარ მოსაზრებებს სირიის ომის, თურქეთის შიდა პოლიტიკის, ნატოს, უკრაინის ომის, აზიაში არსებული გეოპოლიტიკური კლიმატის, ბალტიისპირეთის, ბელარუსის, უკრაინის, საქართველოს, ამერიკის შიდა პოლიტიკის შესახებ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ყალბმა მომხმარებლებმა საკუთარი იდენტობის შენიღბვაზე იმუშავეს, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა მათი კავშირი რუსულ სამხედრო ძალებთან, ისევე როგორც, რუსეთის უშიშროების სამსახურებთან", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ადმინისტრაციის ცნობით, ყალბი მომხმარებლები დაფინანსებულ კონტენტსაც ქმნიდნენ, რათა დეზინფორმაცია უფრო ფართო მასშტაბებით გაევრცელებინათ. 

ადმინისტრაციამ ანგარიშები შიდა პოლიტიკის დარღვევის ეგიდით გააუქმა, რომელიც "უცხოური სახელმწიფოს ხელისუფლების ჩარევის" მცდელობებს კრძალავს. 

გაუქმებული ანგარიშები ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში გაუქმებულ რუსულ ანგარიშებთანაც იყვნენ დაკავშირებულები. 


close დახურვა