დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ფაქტების გადამოწმების პროგრამას Facebook საქართველოშიც იწყებს. პროგრამის მიზანი ცრუ ინფორმაციის გავრცელების მასშტაბების შემცირებაა.
კონტენტის სიზუსტეს "მითების დეტექტორი" და Factcheck.ge შეაფასებენ, რომლებიც Facebook-ის პარტნიორები გახდნენ. სწორედ ისინი მიაწვდიან სოციალურ ქსელს შესაბამის ინფორმაციას.
"ცრუ ინფორმაციად შეფასებულ მასალებს, Facebook თვალსაჩინოდ მონიშნავს და საინფორმაციო ველის ქვედა ნაწილში განათავსებს, რაც მათი გავრცელების მასშტაბებს შეამცირებს და მკითხველს დაეხმარება, გაარჩიოს სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავს, ან რომლის გაზიარებაც სურს", - წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პორტალთან თანამშრომლობს.