logo
ENG



Freedom House: ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს

24 მაი 202312:55
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს - Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.

დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა 3,50-დან 3,25-მდე (ყველაზე მაღალი ქულა 7) ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. ანგარიშში მაგალითებად კი მოყვანილია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელევიზიის დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დევნა, ასევე უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც შეარყია სარედაქციო დამოუკიდებლობა.

დემოკრატიის ქულა 3,07-დან 3,04-მდე დაიწია. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას ყურადღებით აკვირდებოდნენ 2022 წელს, როდესაც ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს.

"გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო მაჩვენებლით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით. ევროპის საბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართო დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პერსონალურად; ადამიანის უფლებების დარღვევის დაუსჯელობის აღქმა ან რეალური შემთხვევები", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა Freedom House აღნიშნავს, რომ 2022 წელს შემცირდა ქართული ოცნების მზაობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც, კრიტიკა მიიღოს. ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება არასაკმარისს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მთავარ პრობლემად პოლარიზაციას ასახელებს. Freedom House-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსული კანონი და მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, გაკრიტიკებულია ის არაპროპორციული ძალა, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად გამოიყენა.


close დახურვა