ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი და Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გამკაცრების მიზნით მიიღეს.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნები გერმანიაში, კვირას, 26 ივნისს დაგეგმილ სამიტზე განაცხადებენ. საკითხთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, რუსეთიდან ოქროს იმპორტზე აკრძალვას დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანა მიიღებს.
Reuters-ის წყარო ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო უკვე სამშაბათს, 28 ივნისს გამოაქვეყნებს დადგენილებას ქვეყანაში რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე. წყაროს თქმით, ეს იქნება რუსეთის იზოლაცია ოქროს ბირჟისგან, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის და შემდგომში უკრაინაში ომის დაფინანსებას გაურთულებს.
Reuters-ი წერს, რომ ოქრო არის რუსული ცენტრალური ბანკის ყველაზე დიდი აქტივი. ყოველწლიურად რუსეთი აწარმოებს დაახლოებით 10% ოქროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეორე ყველაზე დიდ მიმწოდებლად ითვლება. ქვეყნის ოქროს მარაგები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გასამმაგდა.