აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხებში დირექტორის ამანდა სლოუტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი შვიდეულის ლიდერები დღეს NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად "მნიშვნელოვან განცხადებას" გააკეთებენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის გეგმის შესახებ.
"ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად გამოაცხადებს ჩვენს გეგმას, დავეხმაროთ უკრაინას შექმნას ჯარი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და მომავალში თავდასხმების თავიდან არიდება" - განაცხადა ამანდა სლოუტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს იქნება "გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინის ძალებში", რომლის მიზანიც იქნება უზრუნველყოს, "რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი საბრძოლო ძალები, რომელიც შეძლებს უკრაინის დაცვას ახლა და მომავალში რუსეთის აგრესიის არიდებას".
სლოუტის ცნობით, გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, უზრუნველყოს ძლიერი და სტაბილური ეკონომიკა და მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის პროცესში "რაც აუცილებელია უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებში დაწინაურებისთვის" - განაცხადა სლოუტმა.
მისი თქმით, ერთობლივი განცხადება გაკეთდება NATO-ს სამიტის შემდეგ შეხვედრაზე, რომელსაც დიდი შვიდეულის ლიდერები და პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრებიან.
ერთობლივი დეკლარაციის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამაც. მათი თქმით, მხარდაჭერის მიზანი უკრაინაში ომის დასრულება და მომავალში თავდასხმის საფრთხის არიდება იქნება.
"ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს დიდი შვიდეულის ყველა წევრი მოაწერს, განსაზღვრავს როგორ დაუჭერენ მხარს მოკავშირეები უკრაინას მომდევნო წლებში, რათა დასრულდეს ომი და ნებისმიერი მომავალი თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული ან პასუხგაცემული" - განაცხადა ბრიტანეთის ხელისუფლებამ.
Reuters-ის ცნობით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეს, სამიტის დასრულების შემდეგ შეხვდებიან და ამ ინიციატივის შესახებ განაცხადებენ.
გამოცემის თქმით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და რუმინეთი ასევე შეუერთდებიან ამ დეკლარაციას და ზოგადად ეს ჩარჩო ღია იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, ვისაც უკრაინასთან ამგვარი ორმხრივი შეთანხმების სურვილი ექნებათ.