logo
ENG



G7 ქვეყნების საგარეო მინისტრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ - საერთო განცხადება

19 თებ 202221:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/xl1ide5clmxppj4.jpg

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისა და უკრაინის შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის დაძაბულობის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. 

„ჩვენ დიდი შვიდეულის ქვეყნების: კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები კვლავ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში რუსეთის სახიფათო სამხედრო მობილიზების გამო. რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ძალების მობილიზება, რომელიც ევროპის კონტინენტზე ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზებაა, მსოფლიო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის გამოწვევაა.“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდებენ.

ისინი მოსკოვისგან სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანას, საერთაშორისო შეთანხმებებისადმი ერთგულებას და სამხედრო მოქმედებებში გამჭვირვალობას მოითხოვენ.

„რუსეთისგან პირველ ნაბიჯად, ჩვენ ველით უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ მათივე განცხადებების სისრულეში მოყვანას. ამ შემცირების არანაირი ფაქტი არ გვინახავს. ჩვენ რუსეთს მისი საქმეების მიხედვით განვსჯით" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საერთო განცხადებით ქვეყნების საგარეო მინისტრები გამოთქვამენ რუსეთთან დიპლომატიური დიალოგის მზაობას და რუსეთს ურჩევენ, მიიღოს მონაწილეობა ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, ასევე NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოსთან დიალოგში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალა ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს რაზეც დგას საერთაშორისო წესრიგი და ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება, კონკრეტულად კი არღვევს ჰელსინკის აქტს, პარიზის ქარტიასა და ეუთოს დეკლარაციებს.

მიუხედავად დიპლომატიური მზაობისა, ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთს აფრთხილებენ, რომ აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აუცილებლად აღმოჩნდება, რაც ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციების გარდა, კერძო პირების სანქცირებასაც გულისხმობს.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები უკრაინის სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების წინაშე მყოფ უკრაინას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. 

დიპლომატები შეშფოთებულები არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყოველდღიურად მზარდი შემთხვევის გამო. ისინი გმობენ მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და დასახლებული პუნქტების დაბომბვას, რაც მათი თქმით მინსკის შეთანხმების ცხადი და უხეში დარღვევაა. საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმებების ერთგულებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ასევე ვგმობთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გადაცემას. ეს ცხადად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას.

ჩვენ განსაკუთრებულად გვაწუხებს ის ზომები რასაც თვითაღიარებული ე.წ სახალხო რესპუბლიკები მიმართავენ. ეს ქმედებები უნდა აღვიქვათ, როგორც ნიადაგის მომზადება სამხედრო ესკალაციისთვის.

ჩვენ ვღელავთ, რომ დადგმული ინციდენტები, შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც პრეტექსტი შესაძლო სამხედრო ესკალაციისთვის. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე და შეაკავოს ისინი და დეესკალაცია დაიწყოს“ - წერია საერთო განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიებს, ვისი დამკვირვებლებიც რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციაში არიან ჩართულები.

 

close დახურვა