logo
ENG



GDI: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების დასტურია

08 სექ 202113:29
3 წუთის საკითხავი
 
GDI: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების დასტურია

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს. ამით ის ეხმაურება უზენაესი სასამართლოს 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც პალატამ შეცვალა ორი ინსტანციის სასამართლოების განაჩენი და ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია. 

GDI მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ.

ორგანიზახია ხაზს უსვამს რომ საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც ამავე საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ფაქტზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, "თუ თადუმაძე იყო პროკურორი, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა, მე არ ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა თუ ასეთი გარემოებები ჩანს, ვფიქრობ, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

საქმე შალვა თადუმაძესთან ერთად საქმე კოლეგიური წესით განიხილეს ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა.

GDI წერს, რომ ამ უკანასკნელის სახელი უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, ე.წ კლანს.

"მერაბ გაბინაშილი იყო იმ 10 კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ყოველგვარი შერჩევის პროცედურების გარეშე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და მნიშვნელოვანი განხეთქილება შეიტანა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდშიც.

იგივე შეიძლება ითქვას ლევან თევზაძეზეც, რომელიც მოიაზრება “კლანის” ერთ-ერთ გავლენიან წევრად. იგი უზენაეს სასამართლოში მესამე ცდით იქნა არჩეული და მის მიმართ წინა კონკურსის პირობებში აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა". 

GDI-ის შეფასებით, პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". 

"პრემიერის განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც სასამართლოს მიმართ მმართველი პარტიის პირდაპირი დავალება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა:

"6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც. აქვე საყურადღებოა რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ.

გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც".


close დახურვა