საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით 31 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა, სასამართლოში არსებული კლანის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლოიალური მოსამართლეებით დაკომპლექტებისა და მომავალში საბჭოზე გავლენის შენარჩუნების წარმატებული მცდელობაა.
GDI აცხადებს, რომ ახალი წევრების არჩევის საჭიროება არ არსებობდა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს საბჭომ ისარგებლა დაძაბული პოლიტიკურ ვითარებით და სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინეტრესის ფონზე აირჩია სასურველი წევრები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი წევრების ასარჩევად საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა - თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ, უფლებამოსილება ვადაზე ადრე, განცხადების საფუძველზე შეწყვიტა. გადამდგარ წევრთა ვინაობა მოსამართლეთა კონფერენციაზე გახდა ცნობილი. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი არცერთ მათგანს არ განუმარტავს იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზები.
GDI-ს ცნობით, არსებულ ორ ვაკანტურ პოზიციაზე ზუსტად ორი კანდიდატი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი დასახელდა და მათ ყოველგვარი მიმართვის, განცხადების თუ პრეზენტაციის გარეშე მოიპოვეს დამსწრე მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა; პაატა სილაგაძემ 266-დან 257 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი გოგინაშვილმა - 253.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საგანგაშოდ მიიჩნევს სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებულ კონკურენციისა და განსხვავებული აზრის არ არსებობის პრაქტიკას, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის კრიტიკულად დაბალი ხარისხზე მეტყველებს.
"აღნიშნული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაცია, ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ნდობა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს სასამართლო სისტემის ძირეული და არსებითი რეფორმის საჭიროებაზე" - წერია GDI-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მიჩნეულია, რომ ორივე მათგანი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრია, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.