საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2021 წელს არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.
"ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
GDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში განხილულია 5 ივლისის საქმე, სუს-ის მიერ ფარული მიყურადება, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია, პანდემიის მართვისას არსებული პრობლემები, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მართლმსაჯულების სისტემა და მიხეილ სააკაშვილის საქმე.
ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ "კლანზე" და აღნიშნულია, რომ სისტემა პოლიტიზირებულია.
"2021 წელს არ გამოსწორებულა ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში. 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ასევე არ შეჩერებულა თავად საბჭოს წევრების არჩევა. შედეგად, თანამდებობებზე დაინიშნენ ისეთი პირები, რომელთა კომპეტენცია, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საეჭვოა ე.წ. "კლანთან", ანუ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მათი კავშირის გამო. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემა კვლავ პოლიტიზირებულია".
ასევე, GDI ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე და აღნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"პოლიტიკურად მოტივირებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. თავდაცვის სამინისტრომ ამის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, რაც სამოქალაქო სექტორმა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად მიიჩნია".
სრული ანგარიში ნახეთ აქ.