logo
ENG



GDI: შენგენის ზონაში გამგზავრებისთვის ზომების გამკაცრება არაკონსტიტუციურია

04 სექ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
q0kf4vhicnb1u0n.jpg

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, თუკი ისინი არ დააკმაყოფილებენ კანონში მითითებულ კრიტერიუმებს და მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მიღებული კანონი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას. მართალია აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა აუცილებელია ნებისმიერი შეზღუდვა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ კრიტერიუმებს- ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს თანაზომიერი. მიღებული კანონი პრობლემურია ორივე თვალსაზრისით. 

"საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია “მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.“  ამდენად, იმისათვის რათა ჩარევა იყოს გამართლებული უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კონსტიტუციაში მითითებული ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ან მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 

აღსანიშნავია, რომ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიღების მიზანია, შეიქმნას დამატებითი პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას“, - აღნიშნავენ GDI-ში. 

საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში ასევე აცხადებენ, რომ კანონი არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, კერძოდ იგი არ არის აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება. 

"წარმოდგენილი ღონისძიება არის უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას და მეტიც ლახავს ადამიანის ღირსებას, რამეთუ საქართველოს მოქალაქეებს მიზნის მიღწევის საშუალებად აქცევს.  სახელმწიფო ამბობს, რომ კონკრეტული მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის წესების შესაძლო დარღვევის გამო, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს შეზღუდვის ქვეშ და ამდენად დაზარალდეს. ინდივიდის ობიექტივიზაცია და ზოგადი პრევენციის მიზნით მისი სანქცირება კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს არაკონსტიტუციურად ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

GDI-ში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტმა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მოახდინოს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თვითნებობის რისკებს. 

"საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად გასათვალისწინებელია საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ასევე არეგულირებს ქვეყნის დატოვების უფლებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის, საკუთარი ქვეყანა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით კი, კანონმა თავად უნდა დაადგინოს უფლების შეზღუდვის პირობები და არ უნდა მიანიჭოს აბსოლუტური დისკრეცია იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებსაც ევალებათ შეზღუდვის აღსრულება. ამ მოთხოვნის თვალსაზრისით,  კანონში განსახორციელებელი ცვლილება პრობლემურია, რადგან იგი მთლიანად ანდობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შენგენის ზონის/ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მსურველი მოქალაქისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებისა და წესის დადგენას", - ნათქვამია განცხადებაში.

GDI მიიჩნევს, რომ განხილული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის თავისუფლების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს. ეს წესები და პირობები მინისტრმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაადგინოს.



close დახურვა