logo
ENG



GDI აიისა-ს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის აცილებას ითხოვს

22 სექ 202115:43
3 წუთის საკითხავი
 
GDI აიისა-ს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის აცილებას ითხოვს

GDI საკონსტიტუციო სასამართლოს მანანა კობახიძის აცილების მოთხოვნით მიმართავს. 

კობახიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში აიისა-ს საქმეს განიხილავს. 

აცილების გარდა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მანანა კობახიძის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებასაც ითხოვს 

საქმე ეხება სუს-ის გავრცელებულ ფაილებს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ "აიისას" საქმის განხილვის დროს ეკლესიას კონსულტაცია გაუწია. 

კერძოდ, ფაილების მიხედვით, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს აცნობა, რომ საპატრიარქო თვალს ადევნებს პრეზერვატივ „აიისას" საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. მან კობახიძეს ასევე უთხრა, რომ დაუშვებელია პრეზერვატივის შეფუთვაზე დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის გამოსახვა და ჰკითხა, როგორ შეიძლება, ეკლესიამ საკუთარი პოზიცია დაიცვას.

ჩანაწერების მიხედვით, კობახიძემ ზვიადაძეს უპასუხა, რომ იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა, ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ამაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს. ამავე დროს, ზვიადაძეს მისცა რჩევა, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პროტოპრესვიტერმა მანანა კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა". 

GDI-ის შეფასებით, ეს ფაქტები არღვევს მოსამართლის მიუკერძოებლობის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ ამ კონსტიტუციურ დავასთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რაც არ თავსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსთან და იგი უნდა ჩამოსცილდეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვას. 

ამავდროულად, GDI-ის განცხადებით, საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს  საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ და დაადგინოს ხომ არ ჩაიდინა მანანა კობახიძემ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია. 

საქმე "ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ეხება 3 წლის წინ საერთო სასამართლოების მიერ კომპანიის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ის დააჯარიმეს "არაეთიკური რეკლამების გავრცელების" გამო. 

მოსარჩელე ანანია გაჩეჩილაძე, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე დაობს, რომელიც არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

აიისას საქმე

2021 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავდა. 

კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკარტიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი საბაზისო პირობა მისი განვითარებისთვისა და ყოველი ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. 

სტრასბურგამდე აიისას საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებმა განიხილეს. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

სასამართლომ მიიაჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით "სამეფო კარი თამარში", ტექსტის - "ძლევაი საკვირველი", პრეზერვატივწამოცმული მარცხენა ხელის მტევნის გამოსახულება (სასამართლომ მიიჩნია რომ ეს არის "მაკურთხეველი მარჯვენა", რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ჯვარს გამოხატავენ) და პანდას ფოტო, ტექსტით - "ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა" არის არაეთიკური და მსგავსმა გამოხატვამ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიური გრძნობები და ეროვნული ღირსება შელახა.

სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სააპელაციოში აიისას საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ე.წ. სასამართლო კლანის ლიდერად. მურუსიძე ამბობდა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე. მაშინაც თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ აიისას არაეთიკური რეკლამა აქვს. 


close დახურვა