logo
ENG



GDI კომუნიკაციების კომისიას ალტ-ინფოს სამართალდამრღვევად ცნობის მოთხოვნით მიმართავს

04 მარ 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/w5e3kayrhvatwon.jpg

GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია ალტ-ინფოს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ ალტ-ინფოს განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამართლებასა და კრიმინალის გაიდეალებას  ემსახურება. ეს კი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითაა აკრძალული. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, ალტ-ინფო მიმდინარე მოვლენებს უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოაჩენს. 

ორგანიზაციის თქმით, ალტ-ინფო უკრაინის მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის არჩევით ამართლებს რუსეთის ქმედებებს. 

„მსგავსი განცხადებებით, “ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით.

ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდეალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას.“ - წერია GDI-ს განცხადებაში.

GDI საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, საქმე დაჩქარებულად განიხილოს.


close დახურვა