logo
ENG



GDI მაუწყებლის კანონის დღეს ამოქმედებულ ნორმებს ცენზურას უწოდებს და მათ შეჩერებას ითხოვს

01 სექ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 
z33miz0hjw4uli9.jpg

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებულ საკანონმდებლო ნორმებს ცენზურას უწოდებს და მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, შეაჩეროს ნორმების მოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქმე მაუწყებლის შესახებ კანონს ეხება, რომელშიც ცვლილებები ბავშვთა უფლების კოდექსთან ერთად 2019 წელს შევიდა და დღეს, 1-ლ სექტემბერს ამოქმედდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისს განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს", ვინაიდან, მისი თქმით, "ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს".

GDI აცხადებს, რომ დებულებები, რომლებიც მაუწყებლის შესახებ კანონსა და ბავშვთა უფლებების კოდექსში ამოქმედდა, მაუწყებელთა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შინაარსობრივი ფილტრია. ხოლო კანონში გამოყენებული ტერმინები იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს, თავისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს, რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ძალადობის, აზარტული თამაშების სცენების ჩვენება, ნარკოტიკის მოხმარების ჩვენება და ახსნა, სქესობრივი აქტის, სცენების გრაფიკული გამოსახულებების ჩვენება, თვითმკვლელობის იარაღების და ხერხების ჩვენება, ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალა და სხვა. ცვლილებებში ასევე ხაზგასმულია, რომ მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.

იკრძალება ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

შეზღუდვა ეხება მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციურ ფილმებსაც, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე „ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს“.

მაუწყებლებისთვის გაურკვევეილა, რას გულისხმობს ოკულტიზმის ასახვა, როგორ უნდა გაიზომოს  მოზარდის განვითარების შეფერხება და სხვა.

"მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს". - აცხადებს GDI.

2020 წლის 31 აგვისტოს ორგანიზაციამ ოთხი ეროვნული მაუწყებლის (მთავარი არხი, ფორმულა, ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია პირველი), ასევე, სერიალ ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფის (ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე) სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

სარჩელში სადავოა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმები, რომლებიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. GDI-ის განცხადებით, ისინი ასევე არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის "ინფორმაციული ფილტრის" დაყენებას". წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ "იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის".

მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სარჩელით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას ითხოვს.


close დახურვა