კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა.
„აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10 პროცენტს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10 პროცენტს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით. შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში განთავსებით, „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი გააფრთხილა და არასახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობის დარღვევით განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა“ ,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.