ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული მილსადენი შეაკეთეს და აბონენტებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგათ
"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა", - ნათქვამია განცხადებაში.
16 ივნისს კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. მომხდარის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში აბონენტებს წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდებოდათ.