logo
ENG



HRC: სააპელაციომ ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულები გაამართლა

02 თებ 202118:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/m5ivcf3wiroemuj.jpg

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა სააკმაყოფილა და ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა.

მათი ცნობით, სააპელაციო სასამართლოს ამ საქმის მონაწილე 12 პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით 2018 წელს მიმართეს.

"საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე.წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

შემდეგ წლებში, ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ".

ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა (სამწუხაროდ - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტიც) ბოლომდე იცავდა 2012 წლამდე არსებითი დარღვევებით, დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებებით ჩატარებული გამოძიების პოზიციას", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-კაციანი დაჯგუფება შეიარაღებული ამბოხის მზადების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაჯგუფებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და მხედრიონის ერთერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.


close დახურვა