ადამიანის უფლებათა ცენტრმა გიორგი რურუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი ანალიზი მოამზადა. სასამართლო პროცესის მონიტორინგისა და დოკუმენტების შესწავლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ ის დარღვებები გამოკვეთა, რომლებიც საქმეში არსებობს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, პირადი ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, უფლებები არამართლზომიერად შეეზღუდა. ცენტრში ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება კონსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებულია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ანალიტიკური დოკუმენტი. განხილული არის ისეთი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საკითხები, რომლებიც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დროს დაირღვა, როგორიც არის ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება, დნმ-სა და კვლევის ნიმუშების აღებისა და შემდგომში ექსპერტიზაზე წარსადგენად ჩარევის პროპორციულობის საკითხები. საპროცესო მოქმედებები ჩატარებული არის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. ნივთმტკიცებულებები, რომელზეც პროკურატურა აპელირებს არ დალუქულა, მასზე არ არის ასახული ბრალდებულის ხელწერა.
ჩვენი შეფასებით სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს და ალბათ არც გაიზიარებს აღნიშნული ბრალდების ფარგლებში ნივთმტკიცებულებების რელევანტურობას, პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი ბრალდების საფუძველზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსმა გიორგი ტყებუჩავამ.
ნიკა რურუას ძმა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
შსს-ს განმარტებით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.