logo
ENG



IDF: ჯენინში მეჩეთზე შეტევა გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთას ისახავდა მიზნად

22 ოქტ 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/ew0drgjzsj4ioel.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში მდებარე მეჩეთზე განხორციელებული შეტევა "გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთას ისახავდა მიზნად". ისრაელმა მეჩეთზე საჰაერო იერიში კვირა დილით მიიტანა.

IDF-ის სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი CNN-თან ამბობს, რომ მათ ჰქონდათ დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჰამასის მხრიდან ტერორისტული თავდასხმის საფრთხე არსებობდა და ისინი ამას ალ-ანსარის მეჩეთის მიწისქვეშეთიდან ამზადებდნენ.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დენიელ ჰაგარი ამბობს, რომ ჰამასის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე მოკლეს. მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს ობიექტებზე თავდასხმას ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარედ.

ამასთან, მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა ეს თავისივე უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ, რადგან ისრაელი ღაზის მიმართულებით შეტევებს გააძლიერებს. ჰაგარის განცხადებითვე, ყველა შენობა, რაც ღაზაში ინგრევა, არის შენობა, რომლიდანაც ჰამასი ტერორისტულ ძალებს მართავს. ის მიუთითებს, რომ ჰამასი შენობებს სპეციალურად იყენებს.

დღეს, ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე, ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.


close დახურვა