საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება.
Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი ადგილით გაუარესდა.
Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის მრავალმხრივ ბუნებას შეისწავლის ოთხი მიმართულებით, საიდანაც თითოეულს ორი ან სამი ქვე-მიმართულება აქვს:
პირველი მიმართულება: კორუფციის შესაძლებლობის რისკი(საქართველო - 16 ქულა) – მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი.
მეორე მიმართულება: კორუფციული რისკების აღკვეთა(საქართველო - 37 ქულა) - მოიაზრება კორუფციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება.
მესამე მიმართულება: გამჭვირვალობა(საქართველო - 31 ქულა) - მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების გამჭვირვალობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე.
მეოთხე მიმართულება: ზედამხედველობა(31 ქულა) - მოიაზრება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსი და სხვა), რომ განახორციელოს ზედამხედველობა, სამოქალაქო ჩართულობა, მედიის ხარისხი და დამოუკიდებლობა.
საქართველომ ზემოთ განხილული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე დაბალი ქულა (16) კორუფციის შესაძლებლობაში აიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ყველაზე დაბალი რისკი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება და, შესაბამისად, ოთხიდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება (37 ქულა). რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის მიმართულებებს, ორივე მათგანი თანაბარი ქულით შეფასდა (31-31 ქულა).
World Justice Project (WJP)-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2019 წელს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 0.61 ქულით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში კი - 24-ე ადგილზეა 0.70 ქულით.
Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა. მართალია, 2018 წელს საქართველო საერთაშორისო რეიტინგში იმავე ადგილს იკავებდა, თუმცა, მისი ქულა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა (-0.3).
IDFI-ის ინფორმაციით, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.
საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში.