საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ. IOC-ის განმარტებით, ეს დროშის, ემბლემისა და ჰიმნის გარეშე მონაწილეობას გულისხმობს.
გარდა ამისა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები შეჯიბრებებში მონაწილეობას არა გუნდურად, არამედ მხოლოდ ინდივიდუალურად შეძლებენ. გარდა ამისა, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან მონაწილეები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში ომს.
IOC-ის განცხადებით, პარიზში დაგეგმილ ოლიმპიადაზე არ იქნებიან მიწვეულნი რუსეთისა და ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლები და არც აკრედიტაციაზე ექნებათ მასზე დასასწრებად.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მას სამარცხვინო უწოდა.
"კრემლი ყველა რუს და ბელარუს სპორტსმენს თავის პროპაგანდისტულ ომში იარაღად იყენებს. მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმეთ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
უკრაინის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ოლიმპიადაში მათი მონაწილეობა უკრაინის სპორტულ საზოგადოებასთან და ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
IOC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთშიც. როგორც ოკუპანტი ქვეყნის სპორტის მინისტრი ამბობს, ასეთი მიდგომა "მიუღებელი და დისკრიმინაციულია".