logo
ENG



IRI ივანიშვილზე: მთავრობა ამერიკულ NGO-ებს როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ესხმის თავს

04 დეკ 201913:07
3 წუთის საკითხავი
 
p8gc3b5khldgqoq.jpg

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მთავრობა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთ ქვეყნებში ესხმის თავს, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონში არასდროს ყოფილა და ამერიკელი პოლიტიკოსები მას სიამოვნებით მოუსმენენ.

როგორც დენიელ ტვინინგი ამბობს, მმართველი პარტია მაშინ დაესხა თავს ამერიკულ ორგანიზაციას, როდესაც ისინი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერების ტრენინგს ატარებდა.

„გასულ კვირას, როცა საქართველოში IRI, NDI და სხვა პროდემოკრატიული ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, IRI  "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგს ატარებდა. აი, ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა თავს გვესხმოდნენ", - ამბობს ტვინინგი.

IRI-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ და პროდემოკრატიულ არასამთავრობოებზე თავდასხმა გლობალური ტენდენციაა, მაგრამ გაოცებულია იმით, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მოხსენიებაც უწევს.

„ჩვენ ვხედავთ ამ გლობალურ ტენდენციას. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან... მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება", - განაცხადა დენიელ ტვინინგმა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მათ მიმართ კრიტიკაზე კი დენიელ ტვინინგი ამბობს, რომ ივანიშვილი არასდროს ყოფილა აშშ-ში და ამერიკელი პოლიტიკოსები მისი მოსმენით დაინტერესბეულნი არიან.

„რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასდროს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერესებულნი იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში IRI და სხვა მსგავსი ორგანიზაციები", - ამბობს IRI-ის პრეზიდენტი.

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. ამ კომპანიებში კი სწორედ IRI და NDI იგულისხმებიან.


close დახურვა