სამართლიანი არჩევნების (ISFED) ბორდის თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა წევრმა, თამარ სართანიამ და ბაია პატარაიამ, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზის მოკვლევის კომისიასაც წარმოადგენენ, სპეციალურ ბრიფინგზე ორგანიზაციის მიერ 11 დეკემბერს პარალელური ხმის დათვლის (PVT) შედეგების ჩასწორების მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს.
11 დეკემბერს ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა.
ბორდის წევრი თამარ სართანია განმარტავს, რომ პარალელური ხმების დათვლის პროგრამა მუდმივად განახლებადია. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნები არა თავიანთსავე არჩევნებზე ბოლოს გამოყენებულ პროგრამას, არამედ სხვა ქვეყანაში გამოყენებულ ყველაზე ბოლო ვერსიას იყენებენ.
სართანიას თქმით, 2020 წლის არჩევნებზე ISFED-მა სერბეთში ადაპტირებული პროგრამული მოდელი გამოიყენა, სადაც ჩათვლილ ხმებთან ერთად პროგრამა ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა. ISFED-ს ტექნიკურ დახმარებას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უწევდა. სწორედ ორ ორგანიზაციას შორის კომუნიკაციის პროცესში მოხდა შეცდომა.
NDI-ის ექსპერტები სწორედ ISFED-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებენ პარალელურ დათვლას, თუმცა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს წერილობით არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულა.
კომისიამ ვერ დაადგინა, წარმოუდგინეს თუ არა ISFED-ის წარმომადგენლებმა NDI-ის ექსპერტებს ეს ინფორმაცია შეხვედრისას ზეპირსიტყვიერად, თუმცა თავად ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად ნამდვილად გაცვალეს.
კომიამ ასევე მოიკვლია, იყო თუ არა ამ შეცდომის მიზეზი ორგანიზაციის წარმომადგენელთა არაკეთილსინდისიერი განზრახვა და დაადგინა, რომ პარალელური დათვლის პროგრამულ ნაწილში დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა.
"ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
თუმცა შემსწავლელმა კომისიამ ორგანიზაციის აწ გადაყენებული თავმჯდომარის, ელენე ნიჟარაძის პასუხისმგებლობის საკითხი ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების ნაწილში ცნო. ორგანიზაციის განცხადებით, ნიჟარაძემ, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ცდომილების "სიმცირის" გამო, ინფორმაციის გასაჯაროვება შიდა აუდიტის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე გადადო.
თუმცა, თავმჯდომარისთვის 9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში PVT-ის შედეგების გამოყენებით მანიპულირებდა, რის გამოც, 11 დეკემბერს ორგანიზაციამ პარალელური ხმის დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
"კომისიას მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითიც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ფორმულამ PVT-ის მონაცემების ჩასწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, სწორედ პარალელური ხმის დათვლის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
თუმცა კომისიის ანგარიშის მიხედვით, მოკვლევის შედეგად "არ იკვეთება" ორგანიზაციის თავმჯდომარეზე ზეწოლის მოხდენის ან დაშინების მცდელობა.
"ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა, რაც მას ამ ინფორმაციის დამალვას აიძულებდა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ISFED-ის მიერ PVT-ის შედეგების ჩასწორებას მრავალმხრივი სპეკულაციები მოყვა მმართველი გუნდის მხრიდან. თავად ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და მისმა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წინასწარ იცოდნენ პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ და ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიციას არჩევნების გაყალბებაზე მსჯელობას სწორედ PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით სთავაზობდნენ.
ამას გარდა, ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზნით, მიუთითებდნენ, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს, რასაც სპეკულაციას და არჩევნების რეალური ხარვეზებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე.
ამას გარდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ PVT-ის შედეგების ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებთან უფრო მეტად მიახლოვებამ გააქარწყლა ეჭვები, ცესკო-ს მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ.
თუმცა არჩევნებზე დამკვირვებელი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების რეალური პრობლემა ჩაყრა, დისბალანსი და კარუსელები იყო, რასაც PVT საერთოდ არ ასახავს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ სწორედ ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დაიწყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რასაც ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე და პოლიტიკური ოპონენტები მტკიცედ უარყოფენ.