ზუგდიდსა და სენაკში "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები მოდელირებულ არჩევნებზე არ დაუშვეს. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება არჩევნების საკითხზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეზღუდა. ის დამკვირვებლის სტატუსით პროცესს არ დაასწრეს.
სამართლიანი არჩევნების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, დავით ლოგუა აღნიშნავს, რომ მათ წარმომადგენლებს დაკვირვების პრობლემა მარტვილში, ჩხოროწყუსა და ხობში არ ჰქონიათ.
"მაგრამ რაღაცნაირად არაერთგვაროვანი მიდგომა გამოვლინდა ზუგდიდსა და სენაკში გამომდინარე იქიდან, რომ ოლქის თავმჯდომარეები საშუალებას არ აძლევენ ჩვენ, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს დაესწრონ პროცესებსა და გაუწიონ მონიტორინგი იმიტირებულ საარჩევნო პროცესს. გაწერილია თავისთავად, რა უფლებამოსილება გააჩნია სადამკვირვებლო ორგანიზაციას და მათ შორის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც აქვთ აკრედიტაცია. არანაირი წინაპირობები არ არსებობს რომ არ დაასწრონ, უბრალოდ არაერთგვაროვან მიდგომასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ლოგუა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი დამკვირვებლების ჩართულობას არ ითვალისწინეს.
"სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი, ბატონი დათა მობრძანდა ჩვენთან, შემოვიდა, დაესწრო, იყო მონაწილეებთან ერთად, მიიღო ინფორმაცია, აკვირდებოდა პროცესს, რა, როგორ ხდებოდა. მას როგორც მონაწილეს, როგორც დამკვირვებელს შევთავაზე მიეღო მონაწილეობა ამ პროექტის ფარგლებში, ნახა ბიულეტენის სტრუქტურა, ჩარჩო-კონვერტის ფორმა, მიიღო მონაწილეობა, დააფიქსირა არჩევანი და, შესაბამისად, ხმის დათვლის აპარატში მოათავსა თავისი ხმა. ვინაიდან ეს პროექტი არ ითვალისწინებს დამკვირვებლების დაკვირვებას, მან შესაძლებელია მიიღოს ინფორმაცია, რა და როგორ, და არა მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდეს ამ ლოკაციაზე. არავინ არ გაგვიგდია", - ამბობს მირანდა მესხი.