logo
ENG



ISFED-ის ხელმძღვანელი: შევეცადეთ მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე

12 დეკ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/8qz85yqpvmj4o81.jpg

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გუშინ ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგების (PVT) ჩასწორების შესახებ კომენტარს ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზაციას მაღალი სტანდარტის დაცვა მოუწია, რათა არ დაეხუჭა თვალი "რაღაცაზე". 

"ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს.", - წერს ნიჟარაძე, - "ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე". 

ნიჟარაძე, სავარაუდოდ, ბათილ ბიულეტენებს გულისხმობს, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, შეცდომის მთავარი მიზეზი გახდა. ISFED-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარალელური დათვლისას ბათილი ბიულეტენებიც მიათვალეს, რამაც შედეგი "უმნიშვნელოდ შეცვალა". 

განახლებული შედეგებით, ქართულ ოცნებას 45,8%-ის ნაცვლად 47,6%-იანი შედეგი აქვს, რაც ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემთან (48.22%) მიახლოებული ციფრია.

არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ორგანიზაციის მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებას მწვავე შეფასებები და კრიტიკა მოჰყვა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. 

"წესით, გააზრებული უნდა ჰქონდეთ, ამას რომ ბრაზი და უნდობლობა მოჰყვება. მშვიდად უნდა შეხვდნენ", - განაცხადა ფლანგვის დეტექტორის დამფუძნებელმა გიორგი ნონიაშვილმა, - "ასეთ დროს ან ცდილობ ნდობა და რეპუტაცია შეინარჩუნო ან ამბობ რომ გაფუჭდი/გაგაფუჭეს". 

თავად ნიჟარაძეც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის გუშინდელი განცხადების გამოქვეყნება ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რაც კი მისი ხელმძღვანელობის დროს ორგანიზაციას ჰქონია. 

"ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია", - წერს ნიჟარაძე, - " მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია".

პოლიტიკური პარტიები კი ქართული ოცნების მხრიდან უკანონო მიყურადებასა და ორგანიზაციის მონაცემებთან წინასწარი, უკანონო წვდომის შესახებ საუბრობენ. ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იხსენებს, თუ როგორ განაცხადა რამდენიმე დღით ადრე ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე დაკვირვებით ემსჯელათ. 

"აქედან ირკვევა, რომ რაღაც ფორმით, დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით", - განაცხადა ბოკერიამ.

გუშინ ფორმულამ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ


close დახურვა