logo
ENG



ISFED: არჩევნების მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე

31 ოქტ 202113:48
3 წუთის საკითხავი
 
ISFED: არჩევნების მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღევევებს შესაძლოა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბოლოო შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. ISFED-ის თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა მთლიანობაში დააზიანა საზოგადოების ნდობა არჩევნების მიმართ.

დღის მანძილზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა გამოავლინეს სხვადასხვა ტიპის დარღვევათა ძირითადი ტენდენციები. ხშირი იყო პირთა მიერ ხმის მიცემაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები.

ISFED-მა ასევე დააფიქსირა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. დღის განმავლობაში არაერთ უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.  

რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები. 

„არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“ - წერია ორგანიზაციის შემაჯამებელ განცხადებაში.  

საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს სამართლიანი არჩევნები 8 მუნიციპალიტეტში შემთხვევითად შერჩეული 100 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა. 

  • 34 უბნის გარე პერიმეტრზე დააფიქსირდა  საეჭვო პირთა შეკრების ფაქტები
  • 11 უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა.
  • ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები ორგანიზაციამ 8 უბანზე გამოავლინა
  • სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები 4 უბნის გარეთ - 2 თბილისში და 2 ბათუმში.
  • 10 უბანზე ამომრჩეველთა ორგანიზებული და მრავალჯერადი მობილიზება და ტრანსპორტირება ხმის მისაცემად,
  • ხოლო 5 უბანზე კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.

რაც შეეხება უბნის მოწყობის, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის სტატისტიკას, სამართლიანმა არჩევნებმა ინფორმაცია 542 უბნიდან მიიღო.

  • აქედან 23 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა ან/და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებ. აქედან, 8 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
  • 10 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისათვის დაკვირვების უფლების შეზღუდვის და მათზე ზეწოლა/მუქარის შემთხვევები
  • 7 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა
  • 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო სიებთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის თბილისში 6, ზუგდიდში-3, ქუთაისსა და ფოთში კი 2-2 შემთხვევა.

დღის მანძილზე საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:  ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის ფაქტები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები.  აგიტაციისა და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში, შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეიტანეს 161 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.  

დეტალურად დარღვევების შესახებ იხილეთ ISFED-ის შემაჯამებელი განცხადება.


close დახურვა