სამართლიანი არჩევნების მოკვლევით, საქართველოში ფეისბუქზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 193 465 აშშ დოლარი დაიხარჯა.
ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის ჯამში 4 607 რეკლამაა აღრიცხული.
სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი ფეისბუქის მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.
დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა ფეისბუქზე პოლიტიკურ რეკლამაში სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა - ჯამში თითქმის 47,800 აშშ დოლარი 289 ერთეული რეკლამისთვის.
მას მოსდევს ევროპული საქართველო დახარჯული 30 782 $-ით. აქედან დაახლოებით 52% პარტიის ფეისბუქ გვერდის რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი პარტიის ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე.
იმავენაირად ნაწილდება ლელოს მიერ დახარჯული 21 747 აშშ დოლარზე მეტი.
ფეისბუქის ბიბლიოთეკაში პატრიოტთა ალიანსის ოფიციალურ გვერდის დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1,910 აშშ დოლარია დახარჯული. ასევე, პატრიოტთა ალიანსის მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ დღეს პოლიტიკაში - Tinp.ge -ს 11 რეკლამისთვის ჯამში $2,753 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. აქედან $1,000-$1,500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის დასარეკლამებლად.
ქართული ოცნების სასარგებლოდ ჯამში $20,421-ზე მეტი დაიხარჯა. აქედან, გიორგი გახარიას გვერდის მიერ ჯამში $4,401 დაიხარჯა. ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად მითითებულია საქართველოს მთავრობის ვებ-საიტი gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართი.
კახა კალაძის რეკლამების ($1,874) დეკლარაციაში მითითებულია ვებ-საიტი kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, ოცნების მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული.
- ნაციონალურმა მოძრაობამ ფეისბუქზე 6 678 აშშ დოლარი დახარჯა;
- რეფორმერმა - 3 823$;
- ალეკო ელისაშვილმა - 959$;
- გირჩმა - 508$;
სამართლიანი არჩევნები ასევე ლაპარაკობს ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოში ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდგომ გამოიკვეთა:
- პოლიტიკური პარტიების, ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობას დეკლარირებული აქვს პოლიტიკური რეკლამები.
- სავალდებულო ატრიბუტები, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით, მითითებულია თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის დეკლარირებულ რეკლამაზე.
- მიუხედავად ავტორიზაციის გავლისა, ცალკეული საარჩევნო სუბიექტები, ზოგიერთ შემთხვევაში, არ ახდენენ რეკლამების დეკლარირებას ან დაგვიანებით დააკმაყოფილეს დეკლარირების მოთხოვნა.
- პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ ანონიმურ და ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირების გარეშე კვლავაც ქვეყნდება. მათი უმეტესობა პოსტებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ასპონსორებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები ასევე დეკლარირების გარეშე ქვეყნდება.
- საარჩევნო სუბიექტების ნაწილი „ფეისბუქზე“ რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდების ე.წ „დისქლეიმერი“ აქვთ, რაც ხარჯების იდენტიფიცირებას ართულებს.
- ცალკეული პარტიები პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ მამრობითი სქესის ფეისბუქ მომხმარებლისთვის აქვეყნებენ.